შეიძლება თუ არა მიცვალებულისთვის საფლავში საყოფაცხოვრებო საგნების ჩატანება?
ეს ძველი გადმონაშთია. ვიდრე ქრისტიანობა შემოვიდოდა, ხალხს სწამდა, რომ გარდაცვლილი სამარეში განაგრძობდა ხორციელ სიცოცხლეს, ამიტომაც საფლავში უამრავ ნივთს აყოლებდნენ.
როგორი მუსიკა უნდა ჟღერდეს პანაშვიდებზე?
პანაშვიდზე ეს იქნება სახლი თუ საპანაშვიდე დარბაზი უმჯობესია ჟღერდეს საეკლესიო საგალობლები.
მიცვალებული პირით აუცილებლად აღმოსავლეთისკენ უნდა იყოს?
თუ მიცვალებული ქრისტიანია, სასახლე მიმართული უნდა იყოს აღმოსავლეთისკენ ეკლესიურად ასეა მიღებული, რადგან უფლის მეორედ მოსვლა აღმოსავლეთიდან უნდა მოხდეს. თუ სივრცე არ იძლევა საშუალებას, შეიძლება მიცვალებული პირით სამხრეთისკენაც დავასვენოთ, რადგან საკურთხეველში გარდამოხსნა სახით სამხრეთისკენაა მიმართული.
მიცვალებულის სახელზე მართლა კენტი ყვავილი უნდა შევიძინოთ?
შეგიძლიათ შეიძინოთ იმდენი ყვავილი, რამდენიც გსურთ.
აუცილებელია თუ არა გარდაცვლილისთვის ღამისთევა?
ღამისთევას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი გარდაცვლილის ახლობლები კითხულობდნენ ფსალმუნებსა და სხვა ლოცვებს.
რამდენად საჭიროა ქელეხი?
ქელეხის ორგანიზება, რომლის მომსახურებასაც ხშირ შემთხვევებში დამკრძალავი ბიურო უწევს ჭირისუფლებს, გამოხატავს ჭირისუფლის სურვილს, მიცვალებულის სახელზე დააპუროს ახლო ნათესავები, დაკრძალვაზე მისული სტუმრები, რაც ადამიანური მადლია.